პოლიციამ ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარფში ნარკოდანაშაულისთვის  ერთი პირი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ცხრა აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. სამართალდამცველებმა, მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, სამი აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი - 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.