შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

უწყების ცნობით, პოლიკლინიკაში ყოველდღიურად 450-მდე პაციენტს ემსახურებიან
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური და პოლიკლინიკა თანამედროვე სამედიცინო-დიაგნოსტიკური აპარატურით აღიჭურვა, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში წლის დასაწყისიდან შსს-ს 128 თანამშრომელი დაითხოვეს

უწყების ცნობით, სამსახურის პოლიკლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო სტანდარტის რენტგენის კაბინეტმა, ასევე მოეწყო სამი ახალი სტომატოლოგიური კაბინეტი, რომლებიც თანამედროვე მაღალხარისხიანი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.

„პოლიკლინიკაში გაიზარდა პაციენტების ყოველდღიური მომსახურების შესაძლებლობა, თუ აქამდე კლინიკის მედპერსონალს 150-მდე პაციენტის მომსახურება შეეძლო, ეს რიცხვი 3-ჯერ, 450-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის სამსახური უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, თადარიგში დათხოვნილ პირების (პენსიონერების), მათი ოჯახის წევრების და სამინისტროს სასწავლო მიმართულების მსმენელთა მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას.

სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება, საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურება, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია.