თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონის ევროპის ერთა თასის პირველ მატჩში გასვლაზე რუმინეთის გუნდს 18:9 მოუგო.
მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებისთვის შეხვედრის პირველი ნახევარი არც ისე წარმატებული იყო. ბევრმა შეცდომამ გამოიწვია ის, რომ 27-ე წუთზე მასპინძელი 6:0 იგებდა.
ქართველ მორაგბეებს ჰქონდათ შანსი შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გასულიყვნენ, მაგრამ ახალგაზრდა თედო აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთის რეალიზაცია მოახერხა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებს წარმატებული ლელოს კარგი შესაძლებლობაც ჰქონდათ, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს.
უცნობია, რა უთხრა მილტონ ჰეიგმა ბიჭებს შესვენებაზე, მაგრამ გასახდელიდან მინდორზე სრულიად შეცვლილი ნაკრები გამოვიდა. სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ და ანგარიში 10:6 გახდა.
„ჯვაროსნებმა“ უპირატესობა კიდევ გაზარდეს. ლელოს ავტორი 65-ე წუთზე ბექა გორგაძე გახდა. სამწუხაროდ, აბჟანდაძემ კვლავ ვერ დაუმიზნა - რეალიზაციის ზუსტად შესრულება ვერ შეძლო - 15:6.
შეხვედრის ბოლოსთვის რუმინელებმა ჩამორჩენა ექვს ქულამდე შეამცირეს. მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ქართველებმა თქვეს. აბჟანდაძემ საჯარიმო განახორციელა და საქართველოს საბოლოო გამარჯვება მოუტანა - 18:9.
მოგებული თამაშის გარდა, საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი მე-12-ჯერ მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად ამ ნაკრებებს შორის თამაშდება.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული შეხვედრა საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის ფარგლებში მომდევნო მატჩს 17 თებერვალს თბილისში „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ერთა თასის მოქმედი გამარჯვებულია საქართველოს ნაკრები, რომელმაც გასულ წელს ტიტული მეათეჯერ მოიპოვა.