თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ბანგლადეშის სამი, ინდოეთის სამი და იემენის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა, წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორზე, „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.