„ეს სპეკულაციას ჰგავს" – ბატიაშვილი სკოლის დირექტორის გარდაცვალების ირგვლივ მოვლენებზე

განათლების მინისტრს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და მასმედია ტრაგედიით სპეკულირებას ცდილობს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების თემის კომენტარისას.

კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 2018 წლის 2 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს. მისმა ნათესავებმა ამაში ხელისუფლება დაადანაშაულეს. საქმე ისაა, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე განათლების უწყებამ სკოლაში მასშტაბური შემოწმება ჩაატარა.

არჩევნები და სკოლის დირექტორის გარდაცვალება: განათლების სამინისტრომ დუმილი დაარღვია

კერზაიას ახლობლების განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ დაიწყო, რომ დირექტორმა საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დახმარებაზე უარი განაცხადა.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამინისტროში ვინმე ლავრენტი ქირიას ანონიმური წერილი შევიდა. კერზაიას ახლობლები კი აცხადებენ, რომ ქირია გამოგონილი ადამიანია.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო. ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება ცდილობს ამ ქალბატონის სახელი, მისი ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად აქციოს. ასეთი შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც საზოგადოება სრულ და სწორ ინფორმაციას არ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უწყებამ სხვადასხვა გზით არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციის ხმაურში, სამწუხაროდ, სიმართლე, როგორც ჩანს, საკმარისად ხმამაღლა არ ისმის", – განაცხადა ბატიაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში.

განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

სხდომას ესწრებოდა ია კერზაიას ვაჟი ბაჩანა შენგელია. მან კვლავ მოითხოვა მისი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავეების დასჯა.

ბატიაშვილის განცხადებით, ის სამინისტროს ხელმძღვანელია და პირადად არის პასუხისმგებელი ყველა პროცესზე, შემოწმებით დაწყებული და რეფორმებით დამთავრებული.

ბატიაშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ შემოწმება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, რომლის მეორე ტურში 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

მინისტრის განცხადებით, როდესაც უწყებაში შედის ინფორმაცია დარღვევების შესახებ, ამაზე რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

„არანაირი არჩევნების თარიღებს არ ეხება სამეურვეო საბჭოს განხილვის თარიღები. სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების თუ სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას", – განაცხადა ბატიაშვილმა.

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

მინისტრმა ასევე ისაუბრა წერილზე, რომლის საფუძველზეც დაიწყო სკოლის შემოწმება.

მისი განცხადებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის შესახებ განცხადება სამინისტროში 2018 წლის 8 ნოემბერს შევიდა. წერილში მითითებული იყო ინფორმაცია სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, კომერციული საქმიანობისა და სხვადასხვა კანონისა და წესის დარღვევების მძიმე ფაქტების შესახებ.

საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ხმამაღალი გამონათქვამებისა და მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას ძირითადად კერზაიას საქმე აინტერესებდა და მინისტრ ბატიაშვილს და, ზოგადად, ხელისუფლებას სკოლაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებდა.