თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის სასტარტო მატჩში სერბეთთან 1:2 დამარცხდა. შეჯიბრება ამ დღეებში ინგლისის ქალაქ ბათში მიმდინარეობს.
კორტზე პირველი გავიდნენ ივანა იოროვიჩი (117-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) და მარიამ ბოლქვაძე (312). სამწუხაროდ, ბოლქვაძემ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ სეტში დამარცხდა 3:6, 1:6.
ასევე წააგო შეხვედრა ნაკრების ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ (151) ოლგა დანილოვიჩთან (112) – 5:7, 3:6.
წყვილთა შეხვედრაზე, რომლის შედეგს საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა უკვე აღარ შეეძლო, ქართველების - ოქსანა კალაშნიკოვასა და მარიამ ბოლქვაძის წყვილმა გაიმარჯვა დანილოვიჩი/იოროვიჩის დუეტზე – 6:3, 7:5.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს, რომლის სახელითაც ასპარეზობს WTA-ს რეიტინგის 25-ე ნომერი დონა ვეკიჩი.
საქართველოს, სერბეთისა და ხორვატიის გარდა, პირველ ევრო-აფრიკულ ზონის B ჯგუფში ასევე გამოდის თურქეთი, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელები შეჯიბრების ბოლო დღეს დაუპირისპირდებიან.