მასმედია: პოლონეთში ქართველმა ქართველი მოკლა

ზურგში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნება

დაღუპულს თან ჰქონდა საქართველოს პასპორტი. ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდელი გიზო ბოჭორიშვილია, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი ზურგში მიყენებული ჭრილობებით უცნობმა პირებმა ერთ-ერთ საავადმყოფოში დატოვეს და თვითონ ავტომობილით მიიმალნენ. პოლონეთის პოლიცია მკვლელს ეძებს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელიც ქართველია. მომხდარს წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, ეჭვმიტანილი მიეპარა მამაკაცს ღამით, როცა მას ეძინა, და მაშინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.