სკანდალურად ცნობილ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მანამდე ომბუდსმენმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ პირობებს პაციენტებისთვის ღირსების შემლახველი უწოდა
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო გარემონტდა და პაციენტებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გასულ წელს საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენლებმა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სერიოზული პრობლემები აღმოაჩინეს. პრობლემები უკავშირდებოდა როგორც ინფრასტრუქტურას, ისე მკურნალობის მეთოდებს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საავადმყოფოში არსებულ პირობებს პაციენტებისთვის ღირსების შემლახველი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სკანდალურად ცნობილ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

70 პაციენტზე გათვლილ კლინიკაში ჩატარდა შენობის რემონტი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, გაახლდა ავეჯი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოპირკეთდა შენობის ფასადი, მედპერსონალმა სრული გადამზადება გაიარა. 2018 წლის მარტიდან დროებით მმართველად სპარტაკ ბუკია დაინიშნა. ამ მომენტისათვის სურამის კლინიკაში 61 პაციენტი მკურნალობს.

სკანდალურად ცნობილ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კლინიკაში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„მდგომარეობა ცალსახად გაუმჯობესდა, მაგრამ შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს რეკომენდაციად რჩება. ალბათ, ასევე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს თერაპიულ გარემოს“, - განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სარემონტო სამუშაოებზე 210 ათასი ლარი დაიხარჯა.

ჩინური კომპანია საქართველოში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ააშენებს

„ჩვენ ნახევარზე მეტი გადამზადებული პერსონალი გვყავს. მედიკამენტების მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ყოველდღე შემოაქვთ ახალი საკვები პროდუქტები, გარდა ამისა, დავდეთ ხელშეკრულება სამრეცხაოსთან“, - განაცხადა საავადმყოფო კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ გოგალაძემ.

გასულ წელს საავადმყოფოში ამბულატორიული მკურნალობის ყოველთვიური ბიუჯეტი 7 ათასი ლარით გაიზარდა და მან 12 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას, მისი ბიუჯეტი 10 ათასი ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მუშაობის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასთან გააერთიანეს.