თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საპენსიო ფონდში, ქვეყანაში დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედების მომენტიდან, ანუ 1 იანვრიდან, 36 მილიონი ლარი შეგროვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა 60 ათას ლარს არ აჭარბებს.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ეს იანვრის საბოლოო რიცხვი არ არის, რადგან ყოველთვიური დეკლარაცია ყველა კომპანიას ჯერ არ წარმოუდგენია. წინასწარი შეფასებებით, ეს რაოდენობა 40-45 მილიონ ლარს მიაღწევს.
საპენსიო სისტემაში სულ ჩართულია 31 ათასზე მეტი კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაციების 270 ათასი თანამშრომელი.
პენსიონერებს დაგროვებული ფული პროცენტებით - საშუალოდ წლიური 7% - დაუბრუნდებათ. დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ ფულის ინვესტირებას მოახდენს სხვადასხვა პროექტში. ამას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. ინვესტიციებს ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო სამსახური.