რეჟისორ ოთარ იოსელიანის იუბილეს მოსკოვში აღნიშნავენ

რუსეთის დედაქალაქში ცნობილი ქართველი რეჟისორის შემოქმედებას გაიხსენებენ.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მოსკოვში ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის 85 წლისა და მისი ფილმის „იყო შაშვი მგალობელი" (1970) მომავალ იუბილეს ფილმის ჩვენებითა და განხილვით აღნიშნავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება 18 თებერვალს ГУМ-ის კინოდარბაზში პროექტის Мания Кино ორგანიზებით გაიმართება.

ოთარ იოსელიანი — პოლიტიკური სისტემის მიღმა მდგომი რეჟისორი

პროექტის იდეის ავტორი და კურატორია Мания Кино-ს კრეატიული პროდიუსერი დიანა ნერსესოვა.

როგორც შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორები აღნიშნავენ, ოთარ იოსელიანის ფილმები, მსგავსად ხულიო კორტასარის რომანების, ბობ დილანის სიმღერების ან რენე მაგრიტის სურათებისა, ზუსტად გადმოსცემენ პოსტინდუსტრიული ეპოქის მარტოხელა ადამიანის შეგრძნებებს.

„გიას მოკლე, „შაშვისებური" ცხოვრება უსასრულო ორომტრიალში გადის. მას სახლში ელოდება სუფთა სანოტო ფურცელი, მას სურს მუსიკის დაწერა, მაგრამ ჯერ უნდა მოასწროს მეგობართან შეხვედრა, პაემანზე წასვლა, შემდეგ დედასთან შეირბინოს დაბადების დღეზე და ბოლოს კონცერტზე – ის ლიტავრისტია და სიმფონიის ფინალში ჯოხი უნდა მოიქნიოს. სულ ჩქარობს, აგვიანდება, კვლავ სადღაც მიიჩქარის..." – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამას გარდა, სპეციალური ჩვენების ფარგლებში პროექტის სპიკერი გიორგი ნერსესოვი იოსელიანის შემოქმედების შესახებ შესავალ ლექციას წაიკითხავს.

რეჟისორ ოთარ იოსელიანის იუბილეს მოსკოვში აღნიშნავენ

ოთარ იოსელიანი – ქართველი და ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. 1984 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში. მისი ცნობილი ფილმებია „გიორგობისთვე", „პასტორალი", „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.

ოთარ იოსელიანმა 2011 წელს მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.