„112“-ს „ღორის გრიპის“ გამო თითქმის 50 ათასმა ადამიანმა მიმართა

დაავადების შემთხვევები შემცირდა, მაგრამ გრიპის ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გადაუდებელი დახმარების „112“-ის ოპერატიული მართვის ცენტრში დეკემბერ-იანვრის პერიოდში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული 48,7 ათასზე მეტი შეტყობინება შევიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასი ათას ადამიანზე 211 დაავადებულია. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც ეს რიცხვი ასი ათას ადამიანზე მინიმუმ 450 ადამიანამდე გაიზრდება. ამ სეზონზე H1N1 ვირუსით 21 ადამიანი დაიღუპა.

მარნეულში H1N1 ვირუსით 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გასული წლის დეკემბერში „112“-ში გრიპის სიმპტომებთან დაკავშირებული 24,4 ათასი შეტყობინება შევიდა, ხოლო 2019 წლის 1-20 იანვრის პერიოდში - 24,3 ათასზე მეტი შეტყობინება.

ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში გრიპის ვირუსის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობა გასამმაგდა. ნოემბერში გრიპთან დაკავშირებით 7,8 ათასზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.

გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს. ზოგ ადამიანების ორგანიზმში ის შედარებით იოლად მიმდინარეობს, გართულებების გარეშე, ზოგ შემთხვევებში კი დაავადება ლეტალურად შეიძლება დასრულდეს. რისკის ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები.

„ღორის გრიპი": ჯანდაცვის მინისტრი მძიმედ დაავადებულ პაციენტებს უმკურნალებს >>

ჯანდაცვის სამინისტროს გრიპის სეზონი დაახლოებით ათი მილიონი ლარი უჯდება. კიდევ ერთი მილიონი ლარი დაემატა ანტივირუსული პრეპარატ „ტამიფლუს“ შესაძენად, რომელიც ექიმის დანიშნულებით უფასოდ გაიცემა. ვაქცინაციაზე დაახლოებით 700 ათასი ლარი იხარჯება.