ექვსი წლის შემდეგ პარლამენტი თბილისში დაბრუნდა

საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დღეს, 2012 წლის შემდეგ პირველად, თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომა გაიხსნა.

2019 წლის საგაზაფხულო სესია იმით არის გამორჩეული, რომ საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა დედაქალაქში შედგა.

შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები>>>

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან, სადაც 2012 წლიდან მუშაობდა, თბილისში დაბრუნდა.

„საკმაოდ დატვირთული წელი იყო. წელი, რომელშიც ბევრი პოლიტიკური მოვლენა მოხდა და რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის მიღებით დასრულდა... შემიძლია გამოვყო პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომლის თანახმად, პარლამენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სიახლე გაჩნდა", – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან.

სამშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და 2019 წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

ბავშვთა უფლებებს საქართველოში ახალი კოდექსი დაიცავს

კობახიძის გამოსვლას დეპუტატებთან ერთად მოუსმენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე.

„პრაქტიკულად, მთელი კალენდარი გაწერილია როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე მთავრობაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით. ამ სესიაზე ჩვენ მოგვიწევს მნიშვნელოვანი რეფორმების განხილვა, მათ შორის, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის და, რაც მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარე სესიას თავისი გამოსვლით გახსნის. იგი შეაჯამებს საკანონმდებლო საქმიანობას და ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში „მინისტრის საათი" დაწესდება – თითოეული მინისტრი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ დეპუტატების წინაშე წარდგეს. ხუთშაბათს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პარასკევს კი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივა.

ამასთან, მინისტრებს უფლება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ ისაუბრონ გაწეული საქმიანობის შესახებ.

საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 28 ივნისს დაასრულებს მუშაობას.