პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია

პრემიერმა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საპენსიო ფონდი საჭირო არ არის, „იაფფასიანი პოპულიზმი" უწოდა.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საპენსიო ფონდის შექმნა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ერთადერთი წარმატებული და აპრობირებული მეთოდია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

დაგროვების ხიბლი და რისკი... ანუ რა რის ფასად?

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა 60 ათას ლარს არ აჭარბებს.

„თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო ფონდები, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე", – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ რეფორმა აუცილებლად წარმატებული იქნება, ამათანავე მან პირობა დადო, რომ გაითვალისწინებენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და რეფორმა რეალიზაციის პროცესში კიდევ გაუმჯობესდება.

„ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს, ჩემი შეფასებით, იაფფასიანი პოპულიზმია", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია