თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა უკრაინის ოთხი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლებიც თბილისში სპეცოპერაციის დროს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება Новости-Грузия საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია 2018 წლის 2 დეკემბერს თბილისის ორ სასტუმროში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ყველა ბრალდებული უკრაინის გასამხედროებული ქვედანაყოფ „დონბასის" წევრები არიან.
გათავისუფლებულია უკრაინის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე, ლუკა ჩხეტია. რაც შეეხება კურაგინსა და კლადკოს, მათი საქმე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ძირითად საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო.
„დაცვის მხარე გამოვიდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით და სასამართლომ დააკმაყოფილა ის“, - განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა უმაღლესი რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა და სასამართლო მოსმენებს ესწრებოდა.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება ექვს უკრაინელს, მოხალისეს, ვოლონტოირსა და ჩვენ ქართველ მოძმე ლუკა ჩხეტიას, რომლებსაც აქ შეიარაღებული პროვოკაციაში ედებოდათ ბრალი. ისინი ამჟამად გათავისუფლდნენ და მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ მთელი ამ დროის განმავლობაში ეხმარებოდა“, - განაცხადა სემენჩენკომ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან თავის Facebook-გვერდზე ატვირთა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. არც უკრაინის მოქალაქეები, არც ლუკა ჩხეტია ბრალს არ აღიარებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.