პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

პროფესიული განათლების რეფორმა საპილოტე რეჟიმში 2019 წლის მაისიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების პროფესიულ სასწავლებლებს.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება, რაც ნიშნავს, რომ საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები პროფესიის შესწავლის პარალელურად სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და, სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულების პრეზენტაცია გამართა.

განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას>>>

მინისტრის განცხადებით, რეფორმა საპილოტე რეჟიმში 2019 წლის მაისიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების პროფესიულ სასწავლებლებს. ცვლილებები კი რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ:

მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (მე-9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ქართული დიპლომები, შესაძლოა, ევროპაში აღიარონ

გარდა ამისა, სწრაფი დასაქმებისთვის დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები – ე.წ. ზრდასრულთა გადამზადება, რაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების (ვაკანსიების) შესაბამისად მოხდება და მოსახლეობის უნარების განახლებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას ისახავს მიზნად.

სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის სამწლიანი ფაზა ასევე გულისხმობს: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას, პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას, პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას და პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა ტარდება. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.