რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლემ ატესტატის ასაღებად

წინა წლებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები შეძლებენ ატესტატის აღებას, თუ ყველა საგანში  დადებითი შეფასება ჰქონდათ
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი,  ყველა საგანში უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

სამინისტროს ცნობით, ის მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ასევე,  კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები კი გამოცხადდება დადგენილი წესით.

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

ცვლილებები შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.