თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ შესარჩევ რაუნდზე თბილისში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
D ჯგუფის დასკვნით მატჩში ავთანდილ ასათიანის აღსაზრდელებმა დანიის გუნდს ანგარიშით 6:2 მოუგეს.
ტურნირიდან გამომდინარე, შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა მომდევნო რაუნდში გასვლა და კვარტეტში პირველი ადგილი უკვე დაიბევა, ხოლო მეორე ადგილზეა გერმანიის გუნდი, რომელმაც მანამდე ისრაელთან შეხვედრა ფრედ დაასრულა - 2:2.
მიუხედავად ამისა, ასათიანმა გამოუშვა პარკეტზე ძირითადი შემადგენლობა, რომელიც მარტივად მოერია მოტივაცია მოკლებულ სკანდინავიელებს. ექვსი გილიდან სამი გაიტანეს „ქართველმა ბრაზილიელებმა“ - რონინიომ, ტალესმა და საიოტიმ. დანარჩენი სამი - კეკელიამ (დუბლი) და თოფურიამ.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ცხრიდან ცხრა ქულა მოიპოვა, გაიტანა 18 გოლი (სამი გაგვიტანეს) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ შესარჩევ რაუნდში მონაწილე 32 გუნდიდან შედეგიანობით მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველებზე მეტი გოლი გაიტანეს ბელგიის (26), ბოსნიისა და ჰერცეგოვინას (24) და მოდლოვას (23) ფეხბურთელებმა.
მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შესარჩევ რაუნდში, რომელიც 22-27 ოქტომბერს ვარშავაში გაიმართება, საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ესპანეთს, პოლონეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის ელიტ-რაუნდში გავა.
მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 14 სექტემბერს-4 ოქტომბერს ლიეტუვაში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი, საიდანაც რვა წარმოადგენს ევროპას (შვიდი კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით და ლიეტუვა, როგორც მასპინძელი ქვეყანა). მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია არგენტინის ნაკრები.