25 წლის მამაკაცი აგარაკისა და მანქანის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი აგარაკისა და ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ისანში მაღაზიების ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, ავტომანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად  ამოიღეს.

„გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ახალდაბაში ჩადენილ ქურდობამდე, ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ერთ-ერთი მოქალაქის სააგარაკე სახლში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალ ნივთებს ხაშურში მიაკვლია და ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის  177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.