დანაშაული სექსუალური შეუწყნარებლობის ნიადაგზე - დაკავებულია ორი პირი

ერთ-ერთი დაკავებულია არასრულწლოვანია
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე რუსთავსა და ქუთაისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1 თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს.

გამოძიება ა.ჯ.-ს წინააღმდეგ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად არასრულწლოვანი გ.ვ. დააკავეს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს, ქუთაისში, არასრულწლოვანმა გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები.

გამოძიება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე და 142-ე (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში აქტიურად არის ჩართული საწყისი ეტაპიდანვე და ახორციელებს მონიტორინგს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში ობიექტურად წარიმართოს, ნათქვამია განცხადებაში.