ძმადნაფიცების ხელით მოკლული ფშაველი ვაჟკაცი და შურისმაძიებელი და

მიხას დამ მანამ არ მოისვენა, სანამ ძმის მკვლელ გარსევანიშვილს ბოლო არ მოუღო. ქალმა მისი მკურნალი ექიმი მოისყიდა და მოაწამლინა. ხოლო შირაქში გაქცეულ მარცვალაშვილს ხელაშვილის ძმადნაფიცმა გოგია ჭიჭოშვილმა აუგო წესი...
Sputnik

ვანო სულორი

იშვიათია ქართველი, რომელსაც ერთხელ მაინც არ სმენია ფშაველი მელექსის მიხა ხელაშვილის „ლექსო, აღმოგთქომ ოხერო“, „ბინდისფერია სოფელი“ თუ სხვები. სწორედ ეს ფშაველი ვაჟკაცია ავტორი საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხალხურად მიიჩნეოდა... 

ძმადნაფიცების ხელით მოკლული ფშაველი ვაჟკაცი და შურისმაძიებელი და

მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე და მოსიმღერე, მიმზიდველი გარეგნობისა და დახვეწილი ქცევის კაცი ყოფილა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმელს არავის სთხოვდა, მწყემსები თუ მგზავრები თვითონ აწვდიდნენ თურმე საკვებს.

აღნაგობითა და ძალ-ღონით, ჩუბინობითა და მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა თავისდაუნებურად დაჩრდილა ახალგაზრდა ჩარგლელები და მოქიშპეებიც გაიჩინა.

მაღაროსკარში იმხანად კომისრად ალექსი მისრიაშვილი მსახურობდა, მიხას კარგი მეგობარი. იმას არაერთხელ გაუფთხილებია ხელაშვილი ჩარგლელებისგან მოსალოდნელი ღალატის თაობაზე, მაგრამ არ დაუჯერა მიხამ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ბოლოს...

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა სოფლის ახალგაზრდა დიაკვნის ბედი, რომ არა საქართველოს გასაბჭოება. მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა და ტყეში გავარდნილიყო ყაჩაღად. ამის საბაბი კომისარ კოლა ჯაგნელიძესთან შეჯახება გამხდარა.

ერთ დღეს მილიციელებს ყორუღის მახლობლად ადგილობრივ ქალებთან ლაზღანდარობა დაუწყიათ. მიხა გამოსარჩლებია დედაკაცებს, კომისრისთვის უთქვამს, შენ და შენი მილიციელები წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას შვრებით, ქალებთან რა ხელი გაქვთ უცხო ხალხსო.

ამ ამბავს ვაჟა-ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი შესწრებია და სწორედ მისი ძალისხმევით სისხლი არ დაღვრილა. მაგრამ ჯაგნელიძე ცუდად გადაჰკიდებია ფშაველ დიაკვანს. მილიციელების რაზმით მიხას სოფელს დასხმია თავს, მისი ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და გამწარებულს სოფელი დაურბევია. დიაკვანსაც „მაუზერი“ აუღია და ტყისთვის შეუფარებია თავი. 

მეორე დღეს მიხა ხელაშვილის ცხედარი მარხილზე დადეს და დუშეთში ჩაიტანეს, მილიციის შენობის წინ დააგდეს ხალხისთვის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ კი თხრილში გადააგდეს. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. მიხას დამ და სიძემ ხევსური მილიციელის დახმარებით მოიპარეს მიხას ლამის ბოლომდე გახრწნილი ნეშტი, ჩარგალში აიტანეს და ფარულად დამარხეს დედის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში…

მთავრობამ მიხას მკვლელებისთვის ჯილდო ვეღარ გაიმეტა, დაპირებული 100 მანეთი არ გადასცა. მხოლოდ თოფი აჩუქეს ლევან გარსევანიშვილს, ეს იყო და ეს, დანარჩენები მშრალზე დატოვეს...

მიხას დამ მანამ არ მოისვენა, სანამ ძმის მკვლელ გარსევანიშვილს ბოლო არ მოუღო. ქალმა მისი მკურნალი ექიმი მოისყიდა და მოაწამლინა. ხოლო შირაქში, ტარაბანაში გაქცეულ მარცვალაშვილს ხელაშვილის ძმადნაფიცმა გოგია ჭიჭოშვილმა აუგო წესი — მან აიღო მიხას სისხლი. რაც შეეხება მესამე გამყიდველს ვახტანგ რაზიკაშვილს, წამებად იქცა მისი სიცოცხლე — ავადმყოფობით გამწარებულს სიკვდილი გაუხდა სანატრელი...