ასუქებს თუ არა საუზმე – მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მეტაანალიზის შედეგს აქვეყნებს

ექსპერტების თქმით, ანალიზის პროცესში მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საუზმე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ გახდომის ძირითადი თეორია, რომელიც აუცილებელ საუზმეს მოიაზრებს, ხელს უწყობს არა წონაში დაკლებას, არამედ, პირიქით, წონის მატებას, იუწყება გამოცემა GizModo.

​მეცნიერებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში 1993-დან 2016 წლამდე პერიოდში ჩატარებული 13 კვლევა შეისწავლეს, რის შემდეგაც სხეულის მასის სხვადასხვა ინდექსის მქონე დაახლოებით 500 ადამიანი გამოყვეს და მათი რაციონი გააანალიზეს.

გაირკვა, რომ ისინი, რომლებიც ყოველდღე საუზმობდნენ, დღეში საშუალოდ 260 კალორიით მეტს იღებდნენ მათთან შედარებით, რომლებიც დილაობით არ საუზმობდნენ და, ამასთან, მათი წონა დაახლოებით 0,4 კგ-ით მეტი იყო.

ექსპერტების თქმით, ანალიზის პროცესში მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საუზმე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

ამ დროს კი ბევრი სპეციალისტი ირწმუნება, რომ საუზმე სასარგებლოა, ვინაიდან ადამიანის მეტაბოლიზმი დილიდან „იქოქება“ და დღის განმავლობაში მეტი კალორია იწვება. იმავეს ამტკიცებენ ფიტნეს-ექსპერტებიც, რომელთა თქმით, საუზმის შემდეგ ორგანიზმი ხანგრძლივად გრძნობს თავს მაძღრისად.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორები ამ მომენტისთვის ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, მოუწოდონ ადამიანებს უარი თქვან საუზმეზე. ისინი აპირებენ, ჩაატარონ ახალი კვლევევები სხვა სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით, რის შემდეგაც ან დაადასტურებენ, ან უარყოფენ საკუთარ ჰიპოთეზას.