39 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობები მოიპარა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავში 34 წლის მამაკაცი საფლავების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოთხი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა.  კერძოდ,  შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა  საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა სოფელ კისისხევში  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ბრალდებული მართავდა. ჩხრეკისას პოლიციამ საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.