საქართველო ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად ემზადება

ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიზნით ერთ-ერთი სამთო-სათხილამურო კურორტის მოსამზადებლად საქართველო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების გეგმებთან დაკავშირებით საქართველო წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ჩაატარებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მთავრობის განკარგულების თანახმად, „მთის კურორტების განვითარების კომპანია" ამ კვლევას შეუკვეთს და საფასურს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გადაიხდის.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

საქართველო აპირებს, განაცხადი შეიტანოს ქვეყანაში 2030 წლის ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამ ინიციატივით მთავრობამ უკვე მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2018 წელს. იმავე წლის მარტში ქვეყანას ეწვია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების პირველი ჯგუფი.

ამას გარდა, საქართველო ზამთრის კურორტებზე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების გამართვას გეგმავს.

კერძოდ, 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდინგში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება.