ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგეს

ფუტსალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გულშემატკივრებს გუნდის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში გერმანიის ნაკრებს 5:1 მოუგო. თამაში თბილისში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ქართველი ბრაზილიელები“ სიმი საიოტი, რონინიო და ფუმასა.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ არა გერმანიის ნაკრების მეკარის ფილიპ პლესის შესანიშნავი თამაში, ქართველი ფეხბურთელები ხუთი გოლით არ შემოიფარგლებოდნენ. გერმანელთა მეკარემ 19 დარტყმა მოიგერია. სულ ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 39-ჯერ დაარტყეს.

ფუტსალში საქართველოს ნაკრების მატჩი უნგრეთთან ფრედ დამთავრდა

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი ამოცანა შესრულებულია – გუნდმა გაიმარჯვა და სამი ქულა აიღო. ახლა უნდა გადაერთონ ისრაელის გუნდთან შეხვედრაზე. ეს ბევრად უფრო სერიოზული მეტოქე იქნება, მაგრამ მთავარი მწვრთნელი იმედს გამოთქვამს, რომ მის დამარცხებასაც შეძლებენ.

D ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელისა და დანიის ნაკრებებმა შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს. ამგვარად, საქართველო კვარტეტის ლიდერი გახდა. თუ ხუთშაბათს ქართველები ისრაელის გუნდზე გაიმარჯვებენ, ამით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს და მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შესარჩევ რაუნდში გასვლას გაინაღდებს.

მატჩი საქართველოსა და ისრაელს შორის თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

უეფას რეგლამენტის თანახმად, წინასწარი რაუნდის თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შესარჩევ რაუნდში გავა, რომელიც მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 14 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიტვაში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი. აქედან რვა ევროპას წარმოადგენს. მოქმედი გამარჯვებულია არგენტინის ნაკრები.