მუსიკოსებს თბილისის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში იწვევენ

ახალი ორკესტრი საქართველოს პროფესიული ორკესტრებისთვის ძლიერი ბაზა უნდა გახდეს.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი 15-დან 28 წლამდე მუსიკოსებს მოსმენაზე იწვევს. ორკესტრი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან დაფუძნდება.

მოსმენაზე მიწვეული არიან მევიოლინეები, ალტისტები, ფლეიტისტები, ჰობოისტები, კლარნეტისტები, ვიოლონჩელისტები, ფაგოტისტები, მესაყვირეები და ვალტორნისტები. მოსმენა გაიმართება 2 და 3 თებერვალს, შესაბამისად, 11:00 და 10:00 საათზე. მოსმენისთვის განკუთვნილი პროგრამის, ასევე ორკესტრში მუშაობის პირობების შესახებ დაწვრილებით იხილეთ აქ.

ახალი თაობის სამი უძლიერესი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი იქნება. მენეჯმენტს კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდულ ორკესტრს თბილისის მერია დააფინანსებს.

„ჩვენი უმთავრესი მიზანი წარმატებული გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალი პროფესიული სტანდარტის შექმნა-შენარჩუნებაზე, მთელი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით იქნება კონცენტრირებული, რაც სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის პროფესიულ ორკესტრებს მყარ საკადრო ბაზას შეუქმნის", – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ძირითადად კლასიკურ რეპერტუარს შეასრულებს, თუმცა, ორგანიზატორების თქმით, გამორიცხული არ არის სხვადასხვა საინტერესო პროექტის რეალიზებაც.