პოლიციამ ავტომობილების გაქურდვის მცდელობისთვის  ორი პირი დააკავა

Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეების მოპარვის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ოთხი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, 1958 წელს დაბადებული დ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ა. მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ისნის რაიონში, 9 ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ისინი ადგილზე დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანებიდან მოხსნილი გვერდითი ხედვის სარკეები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.