საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 ათასი მოქალაქე აიცრა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის მარაგი არის, თუმცა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მარაგის შევსებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო 10 დღის განმავლობაში წითელას 38 ათასი დამატებითი აცრა გაკეთდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა: ამირან გამყრელიძე ორსულებს აფრთხილებს>>>

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს. წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, აცრის ასეთი დინამიკა თუ შენარჩუნდება, საქართველო წითელას დამარცხებას შეძლებს.

წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს

„სერიოზული დაინტერესებაა მოქალაქეების მხრიდან. გუშინ 5 ათასი დამატებითი აცრა გაკეთდა ქვეყანაში, ანუ მოსახლეობამ გაითავისა, რომ წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ჯგუფში აცრების პრომოციასთან დაკავშირებით და კარგია, რომ მოსახლეობიდან გამოხმაურება მაღალია", – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინის მარაგს, ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში მარაგი არის, თუმცა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მარაგის შევსებაზე მუშაობა მაინც მიმდინარეობს.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.