თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის აღმზრდელი 130 აბი „სუბოტექსის" შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აღნიშნული ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 4 იანვარს განაცხადა, დღეს კი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში დაადასტურეს, რომ დაკავებული 44 წლის მ.რ. დედაქალაქში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – „ბუპრენორფინის" შემცველი 130 აბი „სუბოტექსი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისას სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.