„კარგი დედის" როლი, ანუ განმავითარებელი წრეებით მიღებული რეალური სარგებელი

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.
Sputnik
„კარგი დედის" როლი, ანუ განმავითარებელი წრეებით მიღებული რეალური სარგებელი

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა სხვადასხვა სახის ინტელექტუალური, ფიზიკური, შემოქმედებითი და ა.შ. უნარების განმავითარებელ წრეებზე და სექციებზე ბავშვების ტარება.

სხვადასხვა სახის განმავითარებელი წრეების რეკლამების კითხვისას მშობლებს ეუფლებათ განცდა, რომ მათ გარეშე ბავშვი ვერ განვითარდება და რომ აუცილებელია შვილი სხვადასხვა უნარის გამოსამუშავებლად ამა თუ იმ წრეზე ატარონ.

საინტერესოა, რა კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეარჩიოს მშობელმა განმავითარებელი ცენტრი, წრე, როგორ შეადგინოს სწორი გრაფიკი ისე, რომ ბავშვს განტვირთვის და თამაშისთვის დარჩეს დრო, რატომ ხდება ბავშვის გადატვირთვა და როგორ ავირიდოთ ეს თავიდან?

ბავშვები, რა თქმა უნდა, თავად არ ვითარდებიან, მათ ამისთვის სჭირდებათ განმავითარებელი გაკვეთილები და სასწავლო პროგრამები. თუმცა, მშობელმა აუცილებლად უნდა დაიცვას ოქროს შუალედი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან რთულია დღევანდელ რეალობაში.

შინაური ცხოველი სახლში, სადაც ბავშვები არიან - ფსიქოლოგის რჩევები

დღევანდელი ცხოვრების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ სათამაშო უჭირავთ ხელში, მშობელი კი უკვე სხვადასხვა წრეზე და მასწავლებელთან „მიაქანებს“.

მშობლები ხშირად საუბრობენ: „დილით ბაღში მიმყავს, შემდეგ ცურვაზე, შემდეგ განმავითარებელ წრეზე, მეტყველების თერაპევტი სახლში დადის ჩვენთან, ცეკვაზე დამყავს და დრო საერთოდ არ გვაქვს“... „დილით სკოლაში მიმყავს, შემდეგ იქვე გახანგრძლივებულ წრეზე ვტოვებ 5-6 საათამდე, შაბათ-კვირას ცეკვაზე, ხატვაზე და ცურვაზე დავდივართ“.

შერჩეული აქტივობების შინაარსი და დატვირთვის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის:

1. ასაკს;

2. ტემპერამენტს;

3. ხასიათს;

4. სააზროვნო შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ თამაშის მნიშვნელობას ბავშვისთვის.

თქვენი ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლია – ფსიქოლოგის რჩევები მასწავლებლებსა და მშობლებს

გვახსოვდეს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის წამყვანი საქმიანობა არის თამაში. თამაში ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. იქნება ეს შემოქმედებითი, წარმოსახვითი თუ სოციალური უნარების გამომუშავება (თანატოლებთან ერთად თამაში). სკოლამდელი ასაკის ბავშვმა სრულფასოვნად (არანაკლებ 40-45 წუთისა თითო ჯერზე) უნდა ითამაშოს დღეში ორჯერ მაინც.

სხვადასხვა სახის თამაშების მეშვეობით განვითარებული შემოქმედებითობა და წარმოსახვის უნარი მნიშვნელოვნად განაპირობებს მომავალში ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

თამაშებით ბავშვებს უვითარდებათ სოციალური ინტელექტი, რაც შემდეგ, სკოლის ასაკში ეხმარებათ უკეთ დაამყარონ კომუნიკაცია თანატოლებთან და ადაპტირდნენ გარემოში.

სხვადასხვა განმავითარებელ ცენტრში, წრეებზე ბავშვებს განვითარების მიზნით აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. ბავშვებს ესაჭიროებათ დრო ინფორმაციის გადასამუშავებლად. თუ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის გადაჭარბებულია, მათი აღქმა ხდება ზედაპირული. ბავშვი თითქოს ისმენს, მაგრამ დეტალებს არ უღრმავდება და, რაც მთავარია, არ იმახსოვრებს. ბავშვის ფსიქიკა თავს იცავს გადატვირთვისგან.

მიზნის მისაღწევად საჭიროა... როგორ დავსახოთ და შევასრულოთ მიზნები მომავალი წლისთვის

ჩვენ რეალობაში სკოლაში მისული უმცროსკლასელი უკვე გადაღლილია ასაკთან შეუსაბამო სწავლების გამო, რის გამოც მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს მუშაობა უწევთ დაქვეითებული მოტივაციის ამაღლებაზე.

შემდგომში ბავშვის ამგვარი გადატვირთვა იწვევს ნევროტულ სიმპტომებს ან სომატურ დაავადებებს.

ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით ბავშვის გადატვირთვის შედეგებს მშობლების უმრავლესობა არ ითვალისწინებს. ხშირად ეს ხდება იმის გამო, რომ მშობელს სურვილი აქვს რაც შეიძლება მეტი მიაწოდოს შვილს ბავშვობიდანვე.

ხშირად მშობელი ვერც კი ამჩნევს, რომ მისი შვილი გადაღლილია სხვადასხვა აქტივობებით.

„კარგი დედის“ როლი ხშირად ასოცირდება ბავშვის განვითარების მიზნით სხვადასხვა წრეებზე სიარულთან. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო ბევრ ძვირიან წრეზე ატარებენ შვილს, მით უკეთესი მშობლები იქნებიან. სინამდვილეში კი მშობლებს სახლის პირობებშიც შეუძლიათ სხვადასხვა სახის განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა (უფრო მეტად იგულისხმება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის).

როგორ მოქმედებს მშობლებს შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე

სასწავლო ცენტრის, განმავითარებელი წრის პროგრამის არჩევისას გაითვალისწინეთ:

1. პირველი და უმნიშვნელოვანესია „არ ავნოს“ პრინციპი. სანამ ბავშვს რომელიმე განმავითარებელ, სასწავლო ცენტრში მიიყვანთ, გაეცანით მათ სამოქმედო პროგრამას. დაინტერესდით, რით არის ის სასარგებლო ან/და საზიანო თქვენი შვილისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ინტელექტუალურ განვითარებას, ტვინის იმ ნაწილების ხელოვნურად სტიმულირებას, რომლებიც რომელიმე კონკრეტული ასაკისთვის ჯერ არ არის განვითარებული (მაგ., ადრეული ასაკიდან კითხვა).

2. განსაზღვრეთ, კონკრეტულად რომელი უნარ-ჩვევების გამომუშავება სჭირდება თქვენ შვილს, დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, სად ატაროთ ბავშვი.

3. სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის არ არის სასურველი სხვადასხვა განმავითარებელ წრეებზე და ჯგუფებზე სიარული. ამ ასაკის ბავშვის განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა შესაძლებელია სახლის პირობებში (თითებით თამაში, ხატვა, პლასტილინის დამუშავება და ა.შ.).

„მოვიდეს მამაშენი, ყველაფერს ვეტყვი!“ – როგორი უნდა იყოს მამა

4. სამი-ოთხი წლისთვის ბავშვი შესაძლოა ატაროთ ერთ ან ორ წრეზე. იქამდე კი დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ სახლის პირობებში განუვითაროთ შვილს იგივე უნარ-ჩვევები, რასაც ცენტრში განუვითარებენ.

5. უმცროსკლასელი ბავშვი საგაკვეთილო პროცესის დროს ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. ეცადეთ მისი დღის გრაფიკი ისე დაგეგმოთ, რომ ბავშვი ძალიან არ გადაიტვირთოს და ინტერესი შეუნარჩუნდეს როგორც სწავლის, ასევე დამატებითი აქტივობების.

6. განმავითარებელ ცენტრამდე მისასვლელი გზა რაც შეიძლება მცირე დროს უნდა მოითხოვდეს. გზაში, ხმაურში ბავშვი ძალიან იღლება, ხშირად მგზავრობის გამო ირღვევა მისი დღის რეჟიმი.

7. აუცილებელია ბავშვი მთელი დღის განმავლობაში იკვებებოდეს ჯანსაღად, რათა მისი პროდუქტიულობა იყოს მაღალი.

და, ბოლოს, თუ თქვენ საღამოს სამსახურიდან გარბიხართ, რათა ბავშვის კიდევ ერთ სექციაზე მიყვანა მოასწროთ და შემდეგ გვიან ბრუნდებით სახლში, დაფიქრდით, ვის სჭირდება ასეთი ძალისხმევა? ხომ არ აჯობებს, ის რამდენიმე საათი ბავშვთან ურთიერთობას დაუთმოთ? გამოძერწეთ რაიმე ერთად, მოაგროვეთ შემოდგომის ფერადი ფოთლები, იგუნდავეთ, დახატეთ და ა.შ.

განვითარებასთან ერთად ბავშვისთვის, ისევე, როგორც მშობლისთვის, უმნიშვნელოვანესია ემოციური კავშირი, რომელიც ურთიერთობებით მყარდება.