საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობას ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და გამტარუნარიანობის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019".

რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს>>>

მისი სიტყვებით, აეროპორტის გაფართოება სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

რუსეთის 18 ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნება

2017 წლის აგვისტოში ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.

2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 617 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეისათვის ყველაზე მაღალი გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს – 2018 წელს აღნიშნული აეროპორტით 3,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა (+20,4%).

საქართველოს ხელისუფლება ასევე გეგმავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებას.

„ახლა ძალზე დეტალური განხილვა მიმდინარეობს, თუ როგორ და რა გზით მოხდეს აჭარისა და თბილისის აეროპორტების გაფართოება", – განაცხადა ქობულიამ.

ორდღიანი კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2019" თბილისში სამშაბათს გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.