არეულობა ბათუმში – გარემოვაჭრეები დახლების გარეშე დარჩნენ

ქალაქის მერია მოვაჭრეების სხვა ადგილზე გადაყვანის მიზნით მათთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე უშედეგოდ აწარმოებს.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა წერეთლის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებამ გარემოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი განცხადებით, დახლების აღების თაობაზე მათი გაფრთხილება წინასწარ არ მომხდარა, რის გამოც ისინი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

კალაძის ინიციატივა: ყოველკვირეული ღია ბაზრობები თბილისში გარემოვაჭრეების ნაცვლად

დახლების დემონტაჟის დროს ბათუმის მერიის წარმომადგენლებსა და გარემოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბათუმის ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის განცხადებით, დახლების ღამით აღების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დღის განმავლობაში წერეთლის ქუჩა ტრანსპორტით გადატვირთულია. პეტრიძემ ასევე აღნიშნა, რომ მერია გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ აწარმოებს.

„ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, დავთანხმდით მათ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტსაც – გადაგვეყვანა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ყველაფერი უსასყიდლოდ გავუკეთეთ, მაგრამ არ თანხმდებიან, ამ ქუჩაზე კი გარევაჭრობის გაგრძელება აღარ შეიძლება და აღარ დავუშვებთ", – განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

რაც შეეხება წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს, ისინი მერიის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან და გარევაჭრობის აღკვეთას მიესალმებიან. მათი განცხადებით, გარევაჭრობის გამო მათ გაუსაძლისი ანტისანიტარიისა და ხმაურის ატანა უწევთ.