2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდებიც გაუქმდება, მიმდინარე წელს კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის მოიხსნება.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მომავალი სასწავლო წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, 2018-2019 სასწავლო წელს კი გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება>>>

სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

გორგოძის თქმით, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს, პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი სია იქნება გათვალისწინებული.

მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში>>>

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება. დღეს მოქმედი წესის თანახმად, იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს ოთხი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

ზოგადი უნარების ტესტიც 2005 წელს დაინერგა. ტესტი არ ამოწმებს აბიტურიენტის საგნობრივ ცოდნას, მისი მთავარი მიზანი მოსწავლეთა იმ უნარების შემოწმებაა, რომელიც მიიღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი ამოწმებს ლოგიკური, მათემატიკური აზროვნების გარკვეულ დონეს, ასევე ტექსტის გააზრების უნარს. ზოგადი უნარების ტესტი იყოფა ორ ნაწილად: ვერბალური ნაწილი და მათემატიკური ნაწილი.

ასევე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდებიც გაუქმდება, მიმდინარე სასწავლო წელს კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის მოიხსნება. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა ტარდება. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

განათლების მინისტრი საზოგადოებას განათლების სისტემაში რეფორმის დაგეგმილი ეტაპებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გააცნობს.