თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ პრემიერა ჟოზეფ მერის და კამილ დიუ ლოკლის ლიბრეტოზე ფრიდრიჰ შილერის დრამის მიხედვით თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 15 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს >>
შილერისეული სიუჟეტი მოგვითხრობს სასიყვარულო კავშირზე ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ესპანეთის მეფე ფელიპე II და მისი პირველი მეუღლის მარია პორტუგალიელის ვაჟს, დონ კარლოსსა და ფრანგ პრინცესასა და ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას შორის, რომელიც ფელიპე II მესამე მეუღლე იყო. მოვლენები ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი გამოგონილია და სარწმუნო წყაროებით არ დასტურდება.
ვერდის „დონ კარლოსის“ პრემიერა პარიზის ოპერაში 1867 წლის 11 მარტს გაიმართა. საქართველოში ის პირველად ტფილისის თეატრ „ქარვასლას“ სცენაზე 1869 წლის 24 იანვარს შეასრულეს.
თბილისის თეატრში ოპერის განახლებულ ვერსიას თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი შეასრულებს. ნაწარმოების დადგმა ეკუთვნის ცნობილ იტალიელ რეჟისორს ჩეზარე ლიევის. სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - მაურიციო ბალო. სამხატვრო ხელმძღვანელი - ბადრი მაისურაძე.
სპექტაკლზე ასევე მუშაობდნენ დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერები ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე.
ოპერა „დონ კარლოსის“ საპრემიერო ჩვენებები 15, 16, 17, 23 და 24 თებერვალს 19:00 საათზე გაიმართება.
წარმოდგენის ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებში (რუსთაველის, 25) და ონლაინ, ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ფასი 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.