თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
მოწამლული დედა და ექვსი წლის ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოებში გადაიყვანა.
დედა-შვილს მედიკოსებმა პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი სახლში გაწერეს.
ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ამასთან, რუსთავში წუხელ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი მამაკაცი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანი საავადმყოფოდან დღეს დილით გაწერეს.
ქალაქ რუსთავს ბუნებრივი აირით კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ ამარაგებს. ბოლო დროს ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის რიცხვი გაიზარდა. მხოლოდ დეკემბერ-იანვარში მხოლოდ რუსთავში სულ მცირე 7 შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 21 ადამიანი მოიწამლა.