ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში იმყოფება

წირვას საქართველოს შვიდი ეპარქიის ეპისკოპოსები ესწრებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წირვას საქართველოს შვიდი ეპარქიის ეპისკოპოსები ესწრებოდნენ, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.

საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

საქართველოში „ნინოობა“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.