Facebook-ს მიმართეს „Sputnik-საქართველოს“ გვერდების ადმინისტრატორების განბლოკვის თხოვნით

ივანოვის განცხადებით, დასანანი იქნება, თუ პროექტი „Sputnik-საქართველო“ თავის აუდიტორიას დაკარგავს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაციონალურ-კულტურულმა ავტონომიამ რუსეთში მიმართა სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას „Sputnik-საქართველოს“ გვერდების ადმინისტრატორების განბლოკვის თხოვნით, განუცხადა РИА Новости-ს ორგანიზაციის პრესმდივანმა ანდრო ივანოვმა.

გასულ კვირაში Facebook-ის კიბერუსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა, რომ Facebook-დან წაშალეს 364 გვერდი და ანგარიში, რომლებიც უკავშირდება კოორდინირებულ საქმიანობას „ქსელის ფარგლებში, რომელიც რუსეთში შეიქმნა და მოქმედებდა ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში“. გარდა ამისა, კომპანიამ ასევე წაშალა Facebook-ის 107 გვერდი და Instagram-ის 41 აკაუნტი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული აკაუნტების მფლობელები თავს უკრაინელებად ასაღებდნენ და სიახლეებს უკრაინიდან ავრცელებდნენ. კომპანიის განცხადებით, ეს აკაუნტები ასევე უკავშირდებოდა რუსეთს.

Sputnik-ი სააგენტოს აკაუნტების „ფეისბუქიდან“ გაქრობას ცენზურას უკავშირებს

„როგორც კი დავინახე, რომ „Sputnik-საქართველოს“ მასალები არ ჩნდება, შემდეგ კი შევიტყვე Facebook-ში რუსეთთან დაკავშირებული ასობით აკაუნტის დაბლოკვის შესახებ, მივხვდი, რაც ხდება. მე პირადად მივმართე Facebook-ის მხარდაჭერის სამსახურს, აგრეთვე სოციალურ ქსელში ჩვენი დიასპორის გვერდიდან, ანუ ორგანიზაციის სახელით“, - განაცხადა ივანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „თხოვნა Facebook-ის მიმართ, და არა მოთხოვნა“.

მიმართვის მოტივებზე საუბრისას მან განმარტა, რომ Facebook-ი არის „საინფორმაციო გიგანტი“.

„აქ განთავსებული პუბლიკაციები აუდიტორიას იზიდავს. ეს ჩვენს გვერდსაც კი ეხება. ჩვენი ვებგვერდის აუდიტორია 10000 ადამიანს შეადგენს და მკითხველთა თითქმის 50% ჩვენს გვერდზე Facebook-დან შედის. Facebook-დან ადამიანების ინფორმირების ამ შესაძლებლობის დაკარგვა დაუშვებელია“, - აღნიშნა ივანოვმა.

მან აღნიშნა, რომ მოუწოდა სხვა დიასპორების კოლეგებს მოიქცნენ ანალოგიურად, თუ Sputnik-ის წარმომადგენლობის გვერდების დაბლოკვა მათ მშობლიურ ქვეყნებშიც შეეხებათ.

„ეს წყარო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პორტალი აქვეყნებს სიახლეებს რუსეთში ქართული დიასპორის ცხოვრებიდან და, ბუნებრივია, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. ჩვენს დიასპორაში ძალიან გვიყვარს ეს პროექტი „Sputnik-საქართველო“, ყურადღებით ვკითხულობთ, ვაკვირდებით, რა ხდება ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, მათ შორის ასეთი პროექტის წყალობით, როგორიც არის „Sputnik-საქართველო“, - განაცხადა ივანოვმა.

მისი თქმით, „Sputnik-საქართველოს“ მიმართ ძალიან კარგად არიან განწყობილი არამარტო რუსეთში არსებულ დიასპორაში, არამედ თავად საქართველოში პროექტისადმი „ძალიან დადებითი განწყობა არსებობს“.

„ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ჟურნალისტი კითხულობს ქართულენოვან ვერსიას. კარგი პროექტია, დასანანი იქნება, თუ ის დაკარგავს აუდიტორიას, ხოლო Facebook-ი, რა თქმა უნდა, დიდი აუდიტორიაა“, - განაცხადა ივანოვმა.