შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი

დღეს საოცარი პიროვნების დაბადების დღეა; დღეს ვლადიმირ ვისოცკი 81 წლის უნდა გამხდარიყო. ამბავს, რომელსაც დღეს გიამბობთ, ცოცხალ მოწმედ მხოლოდ მეღა შემოვრჩი და, ალბათ, მოვალეც ვარ, გავიხსენო...
Sputnik

პირველად სოხუმის ბულვარში სეირნობისას ვნახე. ეს ის დროა, როცა ბიჭები, სმენა გვქონდა თუ არა, ჩახლეჩილი ხმით ვცდილობდით მიგვებაძა ვისოცკისთვის და გიტარასაც ვაჩხაკუნებდით. იმავდროულად ყველას გვიყვარდა ანრი მიშელის დიდებული ფილმი „ჯადოქარი“ და მისი მთავარი გმირი ინგა, რომელსაც მარინა ვლადი ასრულებდა.

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც სოხუმის ბულვარზე ეს ორი ადამიანი ერთად გამომეცხადა!

ფილმებში გინახავთ, ალბათ, რაღაც საოცარი სანახაობისგან გაშტერებული ადამიანი, მივიწყებული სიგარეტისგან ხელდამწვარი რომ მოდის გონს. ზუსტად ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ძალიან მალე საშუალება მომეცემოდა, პირისპირ ვმჯდარიყავი ამ ადამიანებთან და მთელი ღამე მესაუბრა მათთან.

შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი

მომდევნო წელს მოსკოვში გახლდით ჩემ მეგობრებთან ბეჟან ხურციძესა და რიჩო ჯავახაძესთან ერთად. ამ ორს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ დრამატურგ არტურ მაკაროვთან, რომელიც, თავის მხრივ, ვალოდია ვისოცკის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პოდმოსკოვიეში, არტურ მაკაროვის აგარაკზე შედგა ჩვენი შეხვედრა, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა ესწრებოდა არტურის მეუღლე, ცნობილი მსახიობი ჟანა ბოლოტოვაც.

შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი

თავიდან, რა თქმა უნდა, მუნჯური კინოს სტატისტის როლში გახლდით. მერე და მერე ცალკე სასმელმა, ცალკე თანამეინახეთა უშუალობამ და ცოტა ქართულმა თავმოყვარეობამაც იძალა და საუბარში ჩავერთე. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენ პატივსაცემად ვალოდიამ ცნობილი სიმღერა შეასრულა, რომელიც თავის დროზე მიხეილ ხერგიანის ხსოვნას მიუძღვნა.

დავინტერესდი, იცნობდა თუ არა პირადად ხერგიანს. 

— „ვერტიკალის“ გადაღებებზე 1966 წელს კონსულტანტად იყო მოწვეული და იქ გავიცანი. შინაგანი ძალა ჰქონდა ისეთი, რომლის ახსნაც შეუძლებელია. ის უკვე ლეგენდა იყო, მე — დამწყები მსახიობი. მონუსხულივით დავდევდი უკან. ორი წლის მერე სუ-ალტოზე მისი დაღუპვის ამბავი რომ შევიტყვე, ვერ დავიჯერე, რადგან მიშას მძლეველი მთა დედამიწაზე არ არსებობს. ვცადე სიმღერით მეთქვა სათქმელი, მგონი გამომივიდა, — მითხრა ვისოცკიმ და გაიღიმა. 

მისი ეს ღიმილიანი სახე კიდევ ერთხელ ვნახე სამი წლის მერე, ტაგანკის თეატრის ფოიეში, როცა გამოსათხოვარ პანაშვიდზე მივედი. მოსკოვში გაგანია ოლიმპიადა მიდიოდა და მისი გარდაცვალების მიჩქმალვა სცადეს, მაგრამ გასვენებას უამრავი ადამიანი დაესწრო. მოგვიანებით სადღაც წავიკითხე მარინა ვლადის სიტყვები, პრინცებისა და მეფეების დასაფლავებას დავსწრებივარ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავსო. 

ვისოცკის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ბურუსითაა მოცული (ასე ინებეს ოჯახის წევრებმა), თუმცა ვერსიები მრავლად იყო. მე შევესწარი არტურ მაკაროვისა და ლევ ფილატოვის საუბარს, სადაც ასეთმა თეორიამ გაიჟღერა: ბოლო პერიოდში ვალოდიას რომ არ დაელია, კაფსულას უყენებდნენ. ის კი, სანამ დალევდა, წინასწარ სასწრაფოს იძახებდა. როგორც კი დაინახავდა ეზოში შემოსულ მანქანას, უკვე მომზადებულ არაყს სვამდა და მერე ექიმების დახმარებით გამოდიოდა მდგომარეობიდანო. იმ დღესაც ასე მოქცეულა. ეზოში შესული სასწრაფო დახმარების მანქანა დაუნახავს, დაულევია, მაგრამ, საუბედუროდ, ეს ბრიგადა მეზობელ სადარბაზოში მცხოვრებთან ყოფილა მისული...

სულ რაღაც 42 წლის იყო, თუმცა ისეთი ბობოქარი ცხოვრება ჰქონდა, იმდენის გაკეთება მოასწრო, ბევრი რვა ათეულ წელს რომ მოანდომებდა.