თბილისში ნარკოტიკებს Telegram–ის მეშვეობით ყიდიდნენ

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს ინტერნეტით ყიდიდნენ, შემდეგ კი მას თბილისში სხვადასხვა ადგილზე სამალავებში ანთავსებდნენ
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს შსს–მ გამოავლინა ნარკოტიკებით ვაჭრობა მესენჯერის Telegram მეშვეობით და ამ საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა, განაცხადა უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბოცვაძემ ბრიფინგზე.

დაკავებულთა ასაკი 18–დან 32 წლამდე მერყეობს.

შსს–სა და გენერალურ პროკურატურას ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის სქემის გამოსავლენად ორი თვე დასჭირდა.

ხუთიდან ორმა პირმა Telegram–ში შექმნა ჯგუფები, ე. წ. დრაგ–შოპები, ხოლო ინტერნეტ–პლატფორმაზე – „მატანგა“ – ნარკოტიკების გაყიდვის ონლაინ–მაღაზია. მესამე დაკავებული ამ ჯგუფების ოპერატორი იყო. მის ფუნქციაში შედიოდა ნარკოტიკების გაყიდვა.

საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

კიდევ ორი ადამიანი აფასოებდა ნარკოტიკებს და მათ წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მალავდა, სადაც მიდიოდა მყიდველი და იღებდა ნარკოტიკს.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დაახლოებით 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში". ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე. წ. ბიო და ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო ინტერნეტის მეშვეობით გასასაღებლად.

პოლიციამ ნარკოტიკები ამოიღო ასევე თბილისის სხვადასხვა ადგილას სამალავებიდან. პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადების, შეძენა–შენახვის, გადაზიდვის, გასაღების მუხლით, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.