სკანდალური პლაგიატი: როგორ მიითვისა ბრიტანელმა მომღერალმა რევაზ ლაღიძის "თბილისო"

ბრიტანელმა მომღერალმა, საბჭოთა კავშირში რამდენიმე სტუმრობის შემდეგ, „დაწერა" სიმღერა, რომელიც, ფაქტობრივად, რევაზ ლაღიძის „თბილისოა" ინგლისურ ენაზე.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართული მუსიკის სიამაყე – „სიმღერა თბილისზე", ანუ „თბილისო" ხმაურიან სკანდალში გაეხვა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi პორტალ popmusic.ge-ზე დაყრდნობით.

„თბილისის ჰიმნის“ პლაგიატში ბრალი ედება ჯაზის ბრიტანელ ვარსკვლავს ჯერი სკოტს, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო პოპულარული.

„თბილისო" რევაზ ლაღიძემ პეტრე გრუზინსკის ლექსზე 1959 წელს გამოსული ფილმისთვის დაწერა. ფილმი დედაქალაქის დაარსების 1500 წლისთავს ეძღვნებოდა.

როდესაც ჯერი სკოტის სიმღერას სახელწოდებით Stay With Me მოისმენთ, მაშინვე ამოიცნობთ „თბილისოს" ჰანგებს. ამასთან ბრიტანელი დივა სულაც არ მღერის თბილისზე, არამედ საყვარელ მამაკაცს უმღერის. ხოლო კომპოზიციის ავტორთა შორის რევაზ ლაღიძის სახელი მითითებული არაა. 1962 წელს გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად მითითებული არიან თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასკვისი.

ჯერი სკოტი პირველი დასავლელი ჯაზ-მუსიკოსი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს გასტროლებით ეწვია და სამი მილიონი ჩანაწერი გაყიდა 1961 წელს. ასევე ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს ის კიევის ოპერის სცენაზე გამოდიოდა.

პატარა ქვეყნის დიდი გამარჯვებები: როგორ იპყრობდა ქართული კულტურა მსოფლიოს 2018 წელს

როდის მოისმინა ბრიტანელმა მომღერალმა „თბილისო", დოკუმენტურად არსადაა დაფიქსირებული, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ეს კომპოზიცია უკვე ჟღერდა.

სიმღერა „თბილისოს" პრემიერა ჩანაწერში თბილისში ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს გაიმართა. მისი პირველი შემსრულებლები დები ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები იყვნენ. მათ თანხლებას უწევდა გუნდი და სიმფონიური ორკესტრი. სიმღერა მალევე გახდა ჰიტი და ბევრი მუსიკოსისა და ანსამბლის რეპერტუარში შევიდა, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნანი ბრეგვაძისა და ანსამბლ „ორერას" შესრულება.

ასევე ცნობილია, რომ საბჭოთა ტურნეს დროს, მოსკოვში ჯერი სკოტი დაქორწინდა სიმღერის Stay With Me ე.წ. თანაავტორთან იგო ფიშერთან.

საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ ჯერიმ „ბიტლზის" პროდიუსერის ჯორჯ მარტინის დახმარებით ცნობილ ლეიბლზე Parlophone ჩაწერა ფირფიტა, რომლის ერთ-ერთი სიმღერა სწორედ „თბილისოს" ინგლისურენოვანი ვერსიაა.