საქართველომ გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად აღიარა

თბილისმა უფრო ადრე ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მანდატის ლეგიტიმურობა არ აღიარა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველომ ვენესუელის პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა, დაწერა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველო ვენესუელის პრეზიდენტის ახალი მანდატის ლეგიტიმურობას არ ცნობს

გუაიდომ მასშტაბური პროტესტის ფონზე გუშინ თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა. გუაიდოსა და ვენესუელის ოპოზიციას მხარი დაუჭირეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის რიგმა ქვეყნებმა.

ვენესუელაში 2018 წლის 20 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა, სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

„ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებიდან გამომდინარე, საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებსა და ვენესუელის მოქალაქეების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", – დაწერა ზალკალიანმა.

რუსეთი მოქმედ პრეზიდენტად კვლავ მადუროს აღიარებს.

ვენესუელა ერთ-ერთია იმ ქვენებიდან, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის კვალდაკვალ, აღიარა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. რუსეთის მაგალითს მიბაძეს ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მაგრამ მოგვიანებით უკანასკნელმა ორმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.