თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში 2 დეკემბერს 6 უკრაინისა და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინოი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია. სპეცოპერაცია თბილისის ორ სასტუმროში ჩატარდა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ისინი ასევე გამორიცხავენ მიმალვის საფრთხეს და გამოძიებისთვის ხელის შეშლას.
„თითქმის 50 წლის ვარ და ამ დრომდე არ მქონია კანონთან კონფლიქტი. გპირდებით, რომ არ წავალთ თბილისიდან და გამოვცხადდებით სასამართლოში“, – განაცხადა ბრალდებულმა ალექსანდრ ნოვიკოვმა.
ბრალდებულ როლანდ მელიას განცხადებით, ისინი სამარტოო საკანში იმყოფებიან და მათთვის ეს რთული გადასატანია.
„ჩვენს ქვეყანაში ასეთ საკანში ყოფნა დასჯაა. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რაიმე ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენთან არ შემოსულა გამომძიებელი და არც პროკურორი“, – განაცხადა როლანდ მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ 7 პირს პატიმრობა პირველად 4 დეკემბერს შეუფარდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით ჩამოვიდნენ „დონბასის" წევრები საქართველოში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციას უკავშირდება. ისინი აქციის დღეს დააკავეს.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.