საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ფეხბურთში მინსკში ისრაელის გუნდთან წააგო

საქართველოს ნაკრები 24 იანვარს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოლდოვას დაუპირისპირდება
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა (U-17) მეორე თამაში „განვითარების თასის" ტურნირზე ისრაელის გუნდთან 0:2 წააგო. ტურნირი ამ დღეებში მინსკში მიმდინარეობს.

ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

В-ჯგუფის მეორე მატჩში ისლანდიის ჭაბუკთა ნაკრებმა მოლდოვას მოუგო - 1:0.

ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი მინსკში გამარჯვებით დაიწყეს

ამგვარად, ორი სათამაშო დღის შემდეგ ოთხივე გუნდს თითო-თითო გამარჯვება და სამ-სამი ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 24 იანვარს საქართველოს ნაკრები მოლდოვას შეხვდება, ხოლო ისრაელი - ისლანდიას.

„განვითარების თასი 2019"-ში სამ ჯგუფად დაყოფილი ჭაბუკთა 12 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითოეული კვარტეტის გამარჯვებული, ასევე მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი გადის.

„განვითარების თასი" წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ტურნირი 28 იანვრამდე გაგრძელდება.