ოპოზიცია შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

შუალედური არჩევნები გაიმართება დეპუტატების ასარჩევად როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ქვეყნის მასშტაბით შვიდი რაიონის საკრებულოში.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ვინ შეცვლის ზურაბიშვილს პარლამენტში? დეპუტატის ადგილისთვის უფლებადამცველი იბრძოლებს

პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის ოლქიდან ვაკანტური გახდა>>>

პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

რაც შეეხება რეგიონებს, ბოლო მონაცემებით, მერის შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში, ხოლო საკრებულოს ცალკეული დეპუტატების – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულისა და წყალტუბოს კონკრეტულ ოლქებში.

„ყველამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება მთაწმინდის რაიონში საპარლამენტო მანდატისთვის და ჭიათურასა და სხვა ქალაქებში მერების არჩევნები. ამიტომაც გაერთიანებული ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს მათში მონაწილეობას. ჩვენ განვიხილეთ, თუ რომელი სტრატეგიით წავალთ არჩევნებზე და როგორი კანდიდატები გვეყოლება", – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის მაისში უნდა გაიმართოს. კონკრეტული თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრამდე არანაკლებ ორი თვით ადრე უნდა დაასახელოს.