თბილისის „დინამოს" ფეხბურთელები ზამთრის შეკრებისთვის თურქეთში გაემგზავრებიან

შეკრების პერიოდში დინამოელები ევროპულ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის „დინამოს" ფეხბურთელები ზამთრის შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლიან, ნათქვამია დედაქალაქის კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზაურ სვანაძის გუნდი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მთელ თვეს გაატარებს და ამ პერიოდში გამართავს შვიდ სატესტო მატჩს. ქართველების მეტოქე კლუბები იქნებიან: „ლოკომოტივი" (ბულგარეთი, პლოვდივი), „სპარტაკი" (სერბეთი, სუბოტიცა), „შიროკი-ბრიეგი" (ბოსნია-ჰერცეგოვინა), „მარიბორი" (სლოვენია), „ლიეპაია" (ლატვია), „ზორია" (უკრაინა, ლუგანსკი), „დინამო (ბელარუსი, ბრესტი).

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში მარტში დაიწყება

თურქულ შეკრებაში „დინამოს" ხუთი ახალი წევრი მიიღებს მონაწილეობას. ისინი გუნდს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდნენ. სვანაძე ანტალიაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს წაიყვანს, რომლებიც კლუბში ჯერ გამოსაცდელი ვადით არიან.

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის შედეგებით თბილისის „დინამო" მეორე ადგილზე გავიდა. ის უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს მიმდინარე წლის ზაფხულში. ასეთი შედეგი კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და ნოემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლა გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა. მის ადგილზე ზაურ სვანაძე დაინიშნა.

2018 წელს საქართველოს ჩემპიონი, პირველად თავის ისტორიაში, „საბურთალო" გახდა.