თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, საქართველოში პირველი ქართული სტუდენტური კინოპრემია „ოქროს რტო“ დაწესდა, იუწყება Imedi.
აღნიშნულია, რომ პრემია ყოველწლიური გახდება და რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: საქართველოს შოთა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
დაჯილდოების პირველი ცერემონია 2019 წლის 23 თებერვალს შედგება.
დაჯილდოებაზე გათვალისწინებულია რამდენიმე ნომინაცია. მათ შორის მთავარია „საუკეთესო მხატვრული ფილმი (მიიღებს „ოქროს რტოს"), „საუკეთესო დოკუმენტი ფილმი (მიიღებს სიგელს), „საუკეთესო რეჟისურა" (სიგელი), „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი" (სიგელი), „საუკეთესო ხმის რეჟისურა" (სიგელი), „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა" (სიგელი), „საუკეთესო მხატვრობა" (სიგელი), „საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი" (სიგელი), „საუკეთესო მონტაჟი" (სიგელი).
ოთხ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება „საუკეთესო ანიმაციის" კატეგორიაში გამარჯვებული, რომელიც სიგელსა და „ოქროს რტოს" მიიღებს.