საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ შაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ გეგეშიძე სახეში ურტყამს დათუნაშვილს ჯერ, როგორც ტელეწამყვანი ამტკიცებს, რკინის ჯაჭვით, შემდეგ კი – მუშტებით. ჩხუბი მოყვა ქომაგების დაპირისპირებას, რომლებიც დათუნაშვილის და რობერტ კობლიაშვილის შერკინების მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები. სპორტსმენები გააშველეს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ უცემია სპორტსმენი

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით გრძელდება.