თბილისი ტურისტული გიდების კონგრესს მასპინძლობს

ღონისძიებაში ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) მე-18 კონგრესი გაიხსნა, იუწყება  „Sputnik საქართველო" ღონისძიების ადგილიდან.

საქართველომ ვენაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

კონგრესზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან ტურიზმის, გიდებისა და ტუროპერატორების სფეროს 300-ზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა. 2017 წლის იანვარში WFTGA-ს მე-17 კონგრესი ირანში გაიმართა, რომელზეც საქართველო შემდეგი კონგრესის ჩატარების ადგილად აირჩიეს. საქართველოს კონკურენტები ტაილანდი და აშშ იყვნენ.

 „მინდა მოგილოცოთ ის, რომ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ. აქ წარმოდგენილი არიან ტურიზმის სფეროს ექსპერტები და პროფესიონალები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. დიდი პატივია ჩვენთვის, ასეთ საპატიო სტუმრებს რომ ვმასპინძლობთ", - კონგრესის გახსნაზე სიტყვით მიმართა შეკრებილთ საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ.

ღონისძიების მონაწილეები დაათვალიერებენ საქართველოს რეგიონებს და გაეცნობიან ქართულო კულტურასა და ტრადიციებს. სტუმრები საქართველოში დაახლოებით ორ კვირას დაჰყოფენ.

ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFTGA) პროფესიული ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებული არიან მთელი მსოფლიოს გიდების კავშირები, პარტნიორები ტურიზმის სფეროში და კონფერენციების ორგანიზებით დაკავებული ფირმები. ფედერაცია 1980-იან წლებში შეიქმნა.

საქართველოს გიდების ასოციაცია 2010 წელს შეიქმნა. ის WFTGA-ს სრულუფლებიანი წევრია.