დასახელდა საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონი

კახეთის რეგიონში ყველაზე ცოტა ნაგავსაყრელია.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში ყოველწლიური კონკურსის „სუფთა რეგიონი 2018"-ის გამარჯვებულები დასახელდნენ, რომელსაც პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში გასცემენ, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლმენტო კომიტეტის მხარდაჭერით უკვე მესამედ იმართება. კონკურსი შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კონკურსის მიზანია საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონის, ქალაქის, რაიონის, სოფლის, ქუჩის, ასევე ყველაზე ლამაზი ეზოსა და აივნის გამოვლენა.

ნომინაციაში „სუფთა რეგიონი 2018" გამარჯვებულად კახეთი დასახელდა. რეგიონის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს ჯილდო საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომ გადასცა.

სხვა ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სუფთა ქალაქიზუგდიდი
სუფთა რაიონიზუგდიდის რაიონი
სუფთა სოფელიჭორვილა (იმერეთის რეგიონი)
ლამაზი აივანიქუთაისის მცხოვრებ ფატმან გრიგოლავას აივანი

ნომინაციაში „ლამაზი ეზო" გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. კერძო სახლებს შორის ყველაზე ლამაზ ეზოდ ხონში მცხოვრები აკაკი გედენიძის ეზო დასახელდა. კორპუსის ყველაზე ლამაზ ეზოდ ზუგდიდში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ეზო, ყველაზე ლამაზ "იურიდიული პირის ეზოდ" კი ღვინის კომპანია GWS-ის (თელავი) ეზო.

ჟიურის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები შევიდნენ. ყველა ნომინანტს ფოტო- და ვიდეომასალა უნდა წარმოედგინა.

პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს" წყალობით გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ე.წ. სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი. პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1,3 ათასზე მეტი სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით 333 დარჩა.