ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი მინსკში გამარჯვებით დაიწყეს

მინსკის ტურნირში 12 ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჭაბუკთა ნაკრებმა (U-17) მინსკის საერთაშორისო ტურნირზე „განვითარების თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ მატჩში ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ისლანდიელი თანატოლების გუნდი დაამარცხა 3:0. გოლები გაიტანეს ლუკა ტორონჯაძემ, გიორგი აბუაშვილმა და ირაკლი აზაროვმა.

ტურნირის შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც თავის პირველ მატჩში მოლდოვასთან წააგო – 1:2. თამაში 22 იანვარს გაიმართება.

„განვითარების თასი 2019"-ში სამ ჯგუფად დაყოფილი ჭაბუკთა 12 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითოეული კვარტეტის გამარჯვებული, ასევე მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი გადის.

„განვითარების თასი" წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ტურნირი 28 იანვრამდე გაგრძელდება.