მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფონდიდან ერთ წელიწადში თითქმის 5 მილიონი ლარი დახარჯა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წლის დასაწყისიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს 4 857 ათასი ლარი დაიხარჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ფონდიდან ძირითადი თანხა საგანმანათლებლო და კულტურული მიზნებისთვის დაიხარჯა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება

ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართა, სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 267 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხას განკარგავდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ გაუქმდა. ამ სახსრებით ფინანსდებოდა წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სხვ.

ზურაბიშვილმა საკუთარი კერძო ფონდის შექმნა გადაწყვიტა და იმისთვის, რომ ფონდი შეივსოს, ხელფასზე უარი თქვა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი ფონდი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ხოლო გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა დააფინანსოს ის, უმრავლესობა მიიღებს.